05 აგვისტო 2026,   11:53
ვრცლად
ქსელური მარკეტების ხელმძღვანელების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან - როგორ აფასებენ სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოსთან გამართულ პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლები

ხელისუფლება, ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით და კონსულტაციებით, პროდუქციაზე ფასნამატების დარეგულირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაკომპლექტებულმა საკოორდინაციო კომისიამ დღეს პირველი შეხვედრა სწორედ "რითეილერებსა" და მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართა.

პრემიერის ინიციატივით შექმნილი კომისიები, სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კერძო სექტორის გამართულ და მომგებიან საქმიანობას, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებაც უნდა მოჰყვეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, მოგების შედარებით დაბალ მარჟას გულისხმობს.

კონსტრუქციული და საქმიანი - ასე აფასებენ სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოსთან გამართულ პირველ შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლები. "რითეილ ასოციაციაში" განმარტავენ, რომ ფასნამატების მდგენელზე გავლენას არაერთი კომპონენტი ახდენს, რომლის შესწავლაც ხანგრძლივი პროცესის ნაწილი იქნება. ბიზნესი მთავრობასთან კოორდინაციისთვის მზადაა.

თანამშრომლობასა და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებას გეგმავს ხელისუფლებაც. საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც პროდუქციის გარდა, საწვავისა და მედიკამენტების ფასებსაც შეისწავლის, მზადა რომ მოქალაქეების ინტერესების დასაკმაყოფილებლად ბიზნესთან შეხვედრების ინტენსივობა გაზარდოს. მიზანი საწვავზე, მედიკამენტებზე და პროდუქტებზე ფასნამატების მაღალი მარჟის უახლოეს თვეებში შემცირებაა.

ფასნამატების რეგულირების პასუხისმგებლობას, მხოლოდ ხელისუფლებას აკისრებს ოპოზიციის ნაწილი. ოპონენტების აზრით, მთავარი პრობლემა დღგ-ს გადასახადია. განსხვავებულია საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრება. გახარიას გუნდი, ფასებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიაში მუშაობას გეგმავს.

ოპონენტებს სპეკულაციასა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები პრემიერის ინიციატივის დროულობაზე აკეთებენ აქცენტს. ამბობენ, რომ საგაზაფხულო სესიიდან ფასებთან დაკავშირებული სავარაუდო ხარვეზების იდენტიფიცირებას საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად შეეცდება.

პროდუქტებზე ფასების რეგულირების ინიციატივა, რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ირაკლი კობახიძის ინიციატივით სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო, კონკურენციის სააგენტო და საპარლამენტო კომისია სურსათთან ერთად, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებსაც შეისწავლის. სავარაუდო კარტელების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთვება, რომელიც მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს.

დღის ამბები