06 აგვისტო 2026,   08:18
ვრცლად
მარიამ ლაშხი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებს. ბანაკის მონაწილეებმა რეგიონების განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები წარადგინეს. 

"ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ერთმანეთთან დაახლოებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები ერთ სივრცეში იკრიბებიან, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ", – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს მასპინძლობს. ბანაკის პროგრამა სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. ბანაკის მიზანი ახალგაზრდების გაერთიანება, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.

დღის ამბები