დავოსის ეკონომიკური ფორუმის ტრიბუნა დონალდ ტრამპმა ნატოელი მოკავშირეების კრიტიკისთვის გამოიყენა. დარბაზში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა, რომ მათმა პოლიტიკამ კონტინენტი კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა. დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ დანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია უნდა დაუთმოს.
დანიის ავტონომიური ტერიტორიის სამხედრო ძალის გამოყენებით მიერთების შესახებ ვაშინგტონის ბოლოდროინდელი მუქარების საპასუხოდ, მიმართვა გაავრცელა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა. იენს-ფრედერიკ ნელსენი ამბობს, რომ კუნძულის მოსახლეობამ და ხელისუფლებამ შტატების მხრიდან შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის მზადება უნდა დაიწყონ.
დანიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო, ევროპული ქვეყნებისთვის დაწესებული ტარიფების ფონზე, ევროპარლამენტმა შეერთებულ შტატებთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაცია გაყინა. გარიგება ამერიკაში ევროპულ ექსპორტზე 15%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებასა და ევროკავშირში ამერიკულ ექსპორტზე გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებდა.
სავაჭრო შეთანხმების გაყინვა ერთადერთი ზომა არ არის, რომლის გამოყენებასაც ევროპული ქვეყნები შტატების ნაბიჯებზე საპასუხოდ განიხილავენ. მაგიდაზე დევს ეგრეთწოდებული ბაზუკა - იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, რომელიც ბრიუსელს საშუალებას აძლევს, არაწევრი ქვეყნების ეკონომიკურ შანტაჟს უპასუხოს. მისი ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირს საშუალება ექნება, დააწესოს ტარიფები, შეზღუდოს იმპორტი და ექსპორტი, დაბლოკოს სავაჭრო მომსახურების, საბანკო და ფინანსურ ბაზრებზე წვდომა.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტმა შტატების სახაზინო მდივანს ჰკითხა, გააჩნია თუ არა ევროკავშირს ან გაერთიანებულ სამეფოს, რაიმე ფინანსური ზეწოლის ინსტრუმენტები, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა ინერვიულოს. ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკა და გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიცია მიუღებელია კანადის პრემიერ-მინისტრისთვის. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ოტავა გრენლანდიასა და დანიას უჭერს მხარს.
ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ურთიერთობების ესკალაციას გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეერთებით სურს, რათა ისტორიაში სამუდამოდ დარჩეს და რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი გახდეს.
"გრენლანდიის გამო, ტრამპი მზადაა, ნატოელ მოკავშირეებს სავაჭრო ომი გამოუცხადოს", - ამ სათაურით სტატიას "ვოლ სტრიტ ჯურნალი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ, ამ კონფლიქტის გამო, ორივე მხარეს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. სტატიის ავტორის შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში სავაჭრო ომი აუცილებლად გამოიწვევს მკვეთრად ნეგატიურ შედეგებს ევროკავშირისთვის, რომლის ეკონომიკაც ისედაც სტაგნაციის მდგომარეობაშია.