საქართველო უფრო მწვანე ხდება - ქვეყნის მასშტაბით, დაცული ტერიტორიების ფართობი 220 000 ჰექტარით იზრდება. უნიკალური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის განვითარებისთვის სპეციალური მექანიზმები ამოქმედდება. შედეგად, მკაცრი გარემოსდაცვითი მეთვალყურეობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 16,4 პროცენტი მოექცევა.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია კახეთში, სადაც დაგეგმილია ცივგომბორის აღკვეთილის გაფართოება და 2 ახალი დაცული ტერიტორიის კატეგორიის დაარსება. სივრცეები გამორჩეულია ენდემური ლანდშაფტით, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობები ბინადრობენ. ადგილზე მუშაობას რეინჯერთა ჯგუფები დაიწყებენ და დამონტაჟდება თანამედროვე ფოტოხაფანგები.
კახეთის გარდა, ახალი დაცული არეალების შექმნის პროცესი ქვეყნის კიდევ ექვს რეგიონს მოიცავს. გეგმის მიხედვით, ტერიტორიების ნაწილი არსებულ ნაკრძალებს შეუერთდება, ხოლო კახეთში, სვანეთში, რაჭასა და სამეგრელოში სრულიად ახალი დამოუკიდებელი დაცული ერთეულები ჩამოყალიბდება. შეიქმნება ეგრისის, მყინვარის და გომბორის ეროვნული პარკები. დაარსდება რიონის აღკვეთილი.
დაცული ტერიტორიების ზრდასთან ერთად, იზრდება ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალიც. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ერთვება ტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც ხელს უწყობს დასაქმებასა და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებასა და განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. გასული წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების შექმნასა და გაფართოების საკითხებზე მუშაობა შვიდ რეგიონში მიმდინარეობდა.
ახალი არეალების დაარსებისა და არსებული ფართობების გაზრდის შემდეგ, საქართველოს დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 1 მილიონ 150 ათას ჰექტარს გაუტოლდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.