სემეკის წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო, რომელიც მთელ სისტემაზე გავრცელდა, რადგან დაცვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა.
დავით ნარმანიას განცხადებით, მოკვლევა ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემების შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში სისტემის გათიშვას ქვეყანას თავიდან აარიდებს.
"წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო იმერეთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაიცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.
ენგურჰესი, რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის დაბალანსება, რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები, წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემები, აქედან გამომდინარე მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს ყველაფერი, აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან შესაბამის დასკვნებს," - აცხადებს დავით ნარმანია.