07 აგვისტო 2026,   01:53
ვრცლად
2026 წელს ეკონომიკა 5.4 პროცენტით გაიზრდება - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზში საქართველო რეგიონულ ლიდერად სახელდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზში საქართველო რეგიონულ ლიდერად სახელდება. დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.4 პროცენტით გაიზრდება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია როგორც კავკასიის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

რეგიონში, ეკონომიკური ზრდის ტენდენციით, საქართველოს შემდეგ მოდის სომხეთი 4.8%-ით, ყაზახეთი 4.6% და თურქეთი 3.9%-ით. მოლდოვის ეკონომიკური ზრდა 2.5 პროცენტით შემოიფარგლება, უკრაინის 2.3%-ით, რუსეთის ეკონომიკა კი მხოლოდ 1%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებს ეკონომიკის ზრდის საკუთარი ახსნა აქვთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ეკონომიკური მდგრადობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ფაქტორი, ოპოზიციისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზი მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ეკონომიკურ ზრდას მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, სტაბილურ გარემოს, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდას უკავშირებენ.

გაეროს წინასწარი შეფასება იმაზე მეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით იყო ნავარაუდევი. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიმდინარე წელს 5-პროცენტიან ზრდაზეა დაგეგმილი.

დღის ამბები