18 ივნისი 2026,   21:25
ვრცლად
ჯეი დი ვენსი მოკავშირეებს მოუწოდებს, გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად მოეკიდონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს

ევროპელმა ლიდერებმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ვაშინგტონის მორიგი გზავნილი ჯეი დი ვენსისგან მოისმინეს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მოკავშირეებს მოუწოდებს, გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად მოეკიდონ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.

გრენლანდიის სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით, ვაშინგტონის გზავნილებს პასუხობს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი. კაია კალასი ამბობს, რომ ახლა ბრიუსელი განიხილავს, თუ როგორი იქნება გაერთიანების პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის შეძენის მუქარა რეალური გახდება.

გრენლანდიის საკითხზე კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე ესკალაციას ეხმაურება ოფიციალური რომი. იტალიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაში, ევროკავშირთან ერთად, NATO-ც უნდა ჩაერთოს, რადგან კუნძულის სამხედრო ძალით ხელში ჩაგდების მცდელობამ შესაძლოა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა შეაფასეს პარიზშიც. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წესებზე დამყარებული გლობალური წესრიგის იგნორირებას ახდენს.

გრენლანდიის სამომავლო სტატუსის საკითხზე ევროპელი ლიდერებისგან და დანიის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დანიის ოპოზიციის ნაწილს. პარტია "ნალერაქი" კუნძულის ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, ვაშინგტონთან მოლაპარაკებები კოპენჰაგენის გვერდის ავლით დაიწყოს.

ვიდრე დანიის ევროპელი მოკავშირეები კრიზისის მოგვარებას ვაშინგტონთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით ცდილობენ, თეთრ სახლში, გრენლანდიის შეძენის მორიგ ვარიანტს ამუშავებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები კუნძულის 57 ათასი მოსახლის გადმობირებას 100 ათასი დოლარის შეთავაზებით გეგმავს. საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ტრამპის თანაშემწეები სასაუბროდ თეთრ სახლში დანიისა და გრენლანდიის ელჩებს უკვე შეხვდნენ.

დღის ამბები