პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო კომისია ფასნამატების ობიექტურ მდგენელს და მისი დარეგულირების გზებს შეისწავლის. რატომ ძვირდება პროდუქცია საბაჟოდან ქსელური მარკეტების დახლებამდე საშუალოდ 86 პროცენტით - ამ კითხვას საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა მოქალაქეებისა და ბიზნესის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად უნდა უპასუხონ. მთავრობის მეთაურთან ერთად, ჯგუფში სუს-ის უფროსი, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები იმუშავებენ. კომისიის წევრების თქმით, ობიექტური მიდგომები, სააფთიაქო ბიზნესის მსგავსად, სურსათის ფასზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, ფასნამატების კვლევას სასურსათო ბაზარზე საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს. საქმეში კონკურენციის სააგენტოც ჩაერთვება. სავარაუდო კარტელების გამოვლენის შემთხვევაში კი, დანაშაულის აღსაკვეთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმუშავებს. კანონმდებლების თქმით, საქართველო მზარდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად, ფასების სტაბილურობის მიღწევა, მხოლოდ ობიექტური ინსტრუმენტებით მოხდება, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს არ შეუშლის.
ქსელურ მარკეტებში სურსათზე არსებული ფასნამატები რომ პრობლემაა, ამას ვერც ოპოზიციაში უარყოფენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ფასნამატებს რეალურად არა ბიზნესი, არამედ დღგ-ს მაღალი გადასახადი განსაზღვრავს.
ოპონენტების განცხადებებს მანიპულაციურს უწოდებენ სახელისუფლებო გუნდში. მმართველ ძალაში განმარტავენ, რომ ქსელებში ფასნამატები ევროპის ანალოგიური მარკეტების ფასებსაც კი აღემატება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. პრემიერის ინიციატივა კი ყველა ფორმატში სავარაუდო ხარვეზების გამოვლენისა და მოქალაქეებისთვის ცხოვრების შემსუბუქების შესაძლებლობას გააჩენს.
სავაჭრო ქსელებში სურსათზე საგრძნობლად მაღალი ფასნამატების პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვა 24 დეკემბერს გაავრცელა. ფასების დაწევისა და სავარაუდო კარტელების გამოვლენის მიზნით კონკურენციის სააგენტო, პარლამენტი და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმუშავებენ.