"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ფასების ზრდა მმართველი გუნდის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.
"ის, რომ გაიზარდა აქციზის გადასახადი საწვავზე, ის, რომ გაიზარდა ფასები, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული "ქართული ოცნების" ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ცხოვრება გაუძვირდა ჩვენს თანამოქალაქეებს. თუ ვინმე არის დამნაშავე, მე მზად ვარ ყველა დამნაშავე ვამხილო," - აცხადებს ლაშა ფარულავა.
სურსათის ფასებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. კომისიის შემადგენლობა უკვე დამტკიცდა მას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. წევრები არიან ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. სურსათის ფასებზე კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტშიც შეიქმნება.