18 ივნისი 2026,   21:23
ვრცლად
მადურო ნიუ-იორკის სასამართლოში განაჩენის მოლოდინშია - მსოფლიოს რეაქცია კარაკასში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე

ვენესუელის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ეს ნიკოლას მადუროს რეგალიების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც რამდენიმე საათში კიდევ ერთი "ტიტული" შეემატება - შეერთებული შტატების მიერ მისსავე სასახლეში აყვანილი, შემდეგ ბრალდებული და ბოლოს წინასწარ პატიმრობა მისჯილი პრეზიდენტი, რომელიც საბოლოო განაჩენს ბრუკლინის ციხეში ცოლთან ერთად, უახლოესი მომავლის განმავლობაში დაელოდება.

ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და ამ იარაღის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენება - ამ დანაშაულებში მხილებული ცოლ-ქმარი ბრუკლინის ციხიდან სასამართლოში თვითმფრინავით, შემდეგ კი სამხედრო ჯავშანტექნიკით გადაიყვანეს. მადუროების პირველ სასამართლო პროცესს ელვინ ჰელერშტაინი უხელმძღვანელებს. 92 წლის მოსამართლეს, წარსულში, განხილული აქვს ისეთი საქმეები, როგორიცაა - 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი. სწორედ ამიტომ, მას შტატებში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ, ავტორიტეტულ და კვალიფიციურ მსაჯულად მიიჩნევენ.

სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი გახდა ისიც, რომ დონალდ ტრამპი კარაკასზე სრული კონტროლის აღებას და ნავთობმარაგების შტატების სასიკეთოდ გამოყენებას აპირებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ტრამპი ვენესუელასთან ერთად სხვა სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებსაც შეეხო და თქვა, რომ შესაძლოა კარაკასის ბედი ჰავანამ, ბოგოტამ, მეხიკომ და სანტიაგომაც გაიზიარონ.

ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა შტატების სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს მტკიცებით, კარაკასში 30 წუთიანი სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი - მადუროს დაკავება და ამერიკული მართლმსაჯულების აღსრულება იყო.

ცნობილი ხდება ისიც, თუ როდის განიზრახა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიაზე ოპერაცია "აბსოლუტური გადაწყვეტილების" განხორციელება. "ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ბრძანება ნიკოლას მადუროს მიერ სწორედ ამ საბედისწერო ცეკვის შესრულების შემდეგ გაიცა.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი მიხვდა, რომ მის მუქარაზე მადურო არა თუ უკან იხევდა, არამედ ნამდვილ ლათინოამერიკულ ხასიათს ავლენდა და "მუჩაჩოს" როლს ირგებდა — ტრამპი განრისხდა და კარაკასის დაბომბვის ბრძანება გასცა.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს უკან დაბრუნებას ორი დღის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელის მართვას მის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არ ჩააბარებს და შანსს მადუროს თანაგუნდელებს აძლევს - ეს მოთხოვნაც შეწყდა. პრეზიდენტის პოსტი, დროებით, ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა დაიკავა. დელსი როდრიგესი, ახლა, ტრამპთან ურთიერთობების დალაგებას ღიად ცდილობს.

ვიდრე მხარეები კონკრეტულ საკითხზე შეთანხმდებიან - მიმდინარე პროცესებს აფასებენ დასავლურ სამყაროში. ევროპელ ლიდერთა ნაწილი მომხდარით შეშფოთებულია. თავად ევროკავშირი კი შტატებსა და მსოფლიოს - საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვენესუელის ტერიტორიაზე 3 იანვარს განახორციელა. ნახევარი საათის განმავლობაში კარაკასსა და მის ფარგლებს გარეთ, 7 სტრატეგიული ობიექტი დაიბომბა. ამერიკულმა სპეციალური დანიშნულების რაზმმა "დელტამ" პრეზიდენტი მადურო მის ცოლთან ერთად აიყვანა და ისინი ნიუ იორკში ამერიკულ სასამართლოს გადასცა.

დღის ამბები