ARMMO ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება. მოწყობილობა, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს, ინსულტის ან ტრავმის შედეგად პარალიზებული კიდურების რეაბილიტაციისთვისაა განკუთვნილი. როგორც თავად ამბობენ, მოწყობილობა ინოვაციურია და რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიას აერთიანებს. ის აღჭურვილია ბიოსენსორებითა და მონიტორინგის სისტემით. მისი მთავარი მიზანია, რეაბილიტაცია სახლის პირობებში.
ახალგაზრდების ამბობენ, რომ, ტრადიციულ მოდელთან შედარებით, ქართული პროდუქტი ბევრად ეკონომიურია. ARMMO, კონკურენტ მოწყობილობებთან შედარებით, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, გუნდმა იზრუნა, რომ აღდგენის პროცესი უფრო კომფორტული და სახალისო ყოფილიყო. მოწყობილობასთან დაკავშირებულია მათივე შექმნილი მობილური თამაში, სადაც გამარჯვება ხელის მარტივი მოძრაობითა შესაძლებელი.
ერთ სისტემაში გაერთიანებული რამდენიმე რეჟიმი და სრულიად ინოვაციური მიდგომა - მეთორმეტე კლასის მოსწავლეები საკუთარი გამოგონების დაპატენტებას და პროდუქტის სავაჭრო პლატფორმებზე გატანას გეგმავენ. გუნდი უკვე მუშაობს მოწყობილობისთვის ახალი ფუნქციების დამატებაზეც. დასრულების ეტაპზეა ARMMO-ს მართვისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის შექმნაც.
პროექტის დაწყებამდე, ორი რეგიონისა და სამი სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი საგანმანათლებლო ბანაკში გაიცნეს. ფოთსა და თბილის შორის არსებული მანძილი დაბრკოლება არ ყოფილა. მოვალეობები გადაინაწილეს და მუშაობას დისტანციურად შეუდგნენ. რამდენიმეთვიანი შრომა შედეგიანი აღმოჩნდა და პროექტი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2026 წელს ახალგაზრდები სტენფორდის უნივერსიტეტში გასამგზავრებლად ემზადებიან.
ახალგაზრდებს, კონკურსის ისტორიის განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ გარემოში მოუწიათ ასპარეზობა. "ათასწლეულის ინოვაციის" კონკურსში, რომელიც ახალ წლამდე გაიმართა, 101-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრების მიზანი სტემ სფეროებით - კოსმოსის, ავიაციის, ჯანდაცვის, რობოტექნიკის მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესებაა. კონკურსის მხარდამჭერი განათლების სამინისტროა.
მეთორმეტე კლასელების იდეამ სტენფორდის უნივერსიტეტამდე უკვე მიაღწია, თუმცა ავტორები გაჩერებას არ აპირებენ. მათი მიზანია, მომდევნო ეტაპზე, გამოგონებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს და ათასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე