16 აგვისტო 2026,   12:18
ვრცლად
"ინიციატივა დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელია თუ მართლა აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას" - ტატა ხვედელიანი სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე

სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივაზე, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ინიციატივა დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელია, თუ რეალურად აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს.

"ის, რომ ჩვენს ქვეყანაში, დღესდღეობით, ეკონომიკური მდგომარეობა არის უმძიმესი და ეკონომიკური ზრდა არ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებზე, არის ფაქტი. ეს ინიციატივა არის დაგვიანებული, თუმცა, ჩვენი მხრიდან მისასალმებელია, თუ მართლა აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და რაზეც ჩვენი პოლიტიკური პარტია წლებია უკვე ვსაუბრობთ," - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

პარლამენტი ქსელურ მაღაზიებში საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასების შესწავლას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყებს. საკანონმდებლო ორგანო სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს კონკურენციის სააგენტოც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხს დეტალურად შეისწავლის. სურსათის ფასებზე კომპლექსური მიდგომის მიზნად სავარაუდო კარტელური გარიგებების გამოვლენა და პრობლემის მოგვარება სახელდება.

დღის ამბები