პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი, სურსათზე ფასების რეგულირების ინიციატივას პოპულიზმს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროდუქტზე არსებული მაღალი სახდელი სწორედ "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია.
"პოლიტიკური მიზნით, მათ გადადგეს ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც გამოიწვია პირველად პროდუქტებზე ფასების ზრდა. რა არის ამაში ანტისახელმწიფოებრივი? ჩემი კრიტიკა, სიღრმისეულად დასაბუთებული მაქვს ამ საკითხზე და არგუმენტირებულია, თუ რატომ არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის ბრალი ფასების ზრდა და რატომ არ არის ბიზნესში დამნაშავეების ძიება პოპულიზმის გარდა სხვა არაფერი", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
თაზო დათუნაშვილის მსგავსად, დაანონსებული ინიციატივის არ სჯერა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილეს.
ირაკლი ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც რიგით მოქალაქეს მასაც სურს, პროდუქტზე დაბალი ფასები არსებობდეს და არსებულ მაღალ ფასებზე წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც აქტიურად საუბრობდნენ.
"როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაწყობს, რომ დაბალი ფასები იყოს, უბრალოდ არ გვჯერა, რომ ამაზეა საუბარი, თორემ კარგი რომ თქვას ვინმემ, ვიტყვით, რომ კარგია.
ჩვენ ამას ვითხოვთ ძალიან დიდი ხანია და არსებობს უამრავი ვიდეო მტკიცებულება წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ჩვენ ვითხოვდით ამას, ვსაუბრობდით კარტელურ გარიგებებზე. ვსაუბრობდით, რომ უნდა შემცირდეს გადასახადები და ამ დროს, როგორი პასუხები იყო "ოცნების" მხრიდან გვახსოვს. ახლა თავად ეს ხალხი ამბობს, რომ ფასები მართლა დასაკლები ყოფილა პროდუქტებზე. რას და როგორ იზამენ, ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.