საბავშო ბაღების ტენდერები, ქრთამის აღება, ბიზნესის ლობირება და ქოლცენტრების მფარველობა - გამოძიება ინტენსიურად მუშაობს იმ ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც, ლილუაშვილი თანამზრახველებთან ერთად ცდილობდა, არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დაფინანსების წყარო - ქოლცენტრები. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ათობით ცენტრზე, საიდანაც სუს-ის ყოფილი უფროსი დიდ შემოსავალს იღებდა, ნაწილი კი სწორედ კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიდიოდა.
მედიაში ქოლცენტრების თემით ლევან ხაბეიშვილი აქტიურობდა. სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს ასახელებენ სუს-ის ყოფილი უფროსის მოკავშირედ. მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ამ ვერსიას ლევან ნიკოლეიშვილი ავრცელებს. "ნეიტრალური საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ქოლცენტრებიდან დაფინანსებული მედიებით, გრიგოლ ლილუაშვილზე ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რეალური თაღლითური ქოლცენტრები ხელშეუხებელი რჩებოდა.
ნიკოლეიშვილის თქმით, ხაბეიშვილ-ლილუაშვილის ერთობლივი სქემით, სწორედ დაზღვევის მიზნით ამხელდნენ ამბავს, რაც სინამდვილეში ალიბის შექმნას ემსახურებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი სუს-ის მაშინდელმა უფროსმა ტელევიზიებს სასამართლოშიც უჩივლა, პროცესი კი მოიგო, რადგან მედია მიზანმიმართულად აშუქებდა ქოლცენტრების არასწორ მისამართებს.
ლევან ხაბეიშვილის მეგობრებს გრიგოლ ლილუაშვილთან მისი გარიგების არ სჯერათ. "ნაციონალურ მოძრაობაში" არგუმენტად სწორედ ხაბეიშვილის აქტიურობა მოჰყავთ. ამბობენ, რომ ის, ვინც ლილუაშვილს მედიით საჯაროდ ამხელდა, მისივე თანამზრახველი ვერ იქნებოდა.
"ქართული ოცნებისთვის" კი სწორედ რომ ლოგიკურია, როცა საუკეთესო თავდაცვად თავდასხმას იყენებ. არის თუ არა ე.წ. ქოლცენტრების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ლევან ხაბეიშვილი? - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საეჭვო კავშირები გამოსაძიებელია, მედიაში აქამდე გავრცელებული ინფორმაცია კი დაწყებული გამოძიების კონტექსტში, ბევრ კითხვას უკვე აჩენს.
პროკურატურის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ქოლცენტრებს ახლო ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით მართავდა. თავად, სანდრო ლილუაშვილი სუს-მა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სწორედ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით დააკავა.
დაკავებულია რომეო მიქაუტაძეც, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, ლილუაშვილს ბიზნესმენებთან ქრთამის აღებისთვის შუამავლობდა. საგამოძიებო უწყების ცნობითვე, სუს-ის ყოფილი უფროსი, ქოლცენტრებთან ერთად, მფარველობდა თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა გვანცელაძესაც, რომელიც ლილუაშვილის გავლენით, ბაღების მომარაგების კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმების სანაცვლოდ, ე.წ. ატკატებს იღებდა.
კორუფცია და დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ხელის დაფარება - სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს 2021-23 წლებში 2 მილიონ 365 ათასი დოლარისა და მილიონ-ნახევარი ლარის ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალის დამტკიცებით შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.