წლის ბოლო სხდომა დედაქალაქის საკრებულოში, თბილისის მერმა შემაჯამებელი ანგარიშით გახსნა. ათასამდე რეაბილიტირებული ქუჩა და გამზირი, მილიონ კვადრატულ მეტრზე განხორციელებული საგზაო სამუშაოები, ათობით ჩანაცვლებული ავარიული შენობა-ნაგებობა - კახა კალაძემ ტრიბუნიდან, გასულ წელს შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა. განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა 2026 წელსაც გაგრძელდება. დარბაზში გაისვა კითხვებიც.
მმართველი გუნდის ოპონენტები კონკრეტული პროექტებით დაინტერესდნენ. მათ შორის: ვაკის პარკის, ლაგუნა ვერეს, იპოდრომისა და მიწის ზედა მეტროს მშენებლობებით.
დღესვე თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. 2026 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 193 მილიონს აღემატება, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტია. ყველაზე მეტი თანხა - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ავარიული შენობების გამაგრებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდება. პროექტი დეპუტატებს ვიცე-მერმა გააცნო.
თბილისის ბიუჯეტის პროექტი 43 ხმით დაამტკიცეს. ოპოზიციის 4-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, 1 კი წინააღმდეგ წავიდა.