გრიგოლ ლილუაშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი დილით დააკავეს.
გენერალური პროკურატურა ლილუაშვილს ბრალს 4 ეპიზოდზე წარუდგენს. მათ შორის არის ქოლცენტრების მფარველობა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. დანაშაული 11-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განმარტებით, მათ არანაირი განმარტება ღია ჩვენების სახით არ მიუციათ, ბრალსაც არ იცნობენ და მხოლოდ მუხლი იციან.
"არანაირი განმარტება ღია ჩვენების სახით არ მიგვიცია, ბრალსაც არ ვიცნობთ და, ბუნებრივია, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდით. მხოლოდ ვიცით მუხლი. მუხლი ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ ხედავთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი თვითონაც არის დაინტერესებული საქმის ბედით. დაახლოებით 2 თვეა გასული ჩხრეკიდან, რომელიც მის სახლში ჩატარდა და, ამ ხნის განმავლობაში, მას არც საცხოვრებელი სახლი დაუტოვებია და არც გამოძიებასთან დამალვა არ უცდია. ბუნებრივია, ის თვითონაც არის დაინტერესებული, რეალობაში გაერკვიოს", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.