დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. საბოლოო ვერსიის მიხედვით, პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა სახელდება. დოკუმენტი ფოკუსირებულია ქალაქის განვითარებაზე, სოციალური დაცვის გაძლიერებასა და ურბანული მდგრადობის უზრუნველყოფაზე.
ფინანსური დოკუმენტი მიზნად ისახავს როგორც მიმდინარე საჭიროებებზე რეაგირებას, ისე თბილისის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.
"ბიუჯეტში იქნება ის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები წარმოჩენილი, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. საკრებულო იმსჯელებს ამ ბიუჯეტის გეგმასთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას. 2017 წლისთვის, როდესაც კახა კალაძე გახდა თბილისის მერი, ბიუჯეტი სულ რაღაც 700 მილიონ ლარამდე იყო, ახლა უკვე 2 მილიარდ 199 მილიონი ლარია, რაც უპრეცედენტოა თბილისისთვის. აქცენტები არის დასმული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე, სოციალურზე, ჯანდაცვასა და არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი.