18 ივნისი 2026,   23:00
ვრცლად
ევროპელი ლიდერების ხედვა ევროკავშირის კრიზისზე - ვიქტორ ორბანი ევროპულ საზოგადოებას სთავაზობს, რადიკალურად გადახედონ მიდგომებს და პრიორიტეტი საკუთარ ხალხსა და სუვერენიტეტს მიანიჭონ

ან რეორგანიზაცია ან დაშლა - ასე ხედავენ ევროკავშირის მომავალს თავად წევრი სახელმწიფოები. ფუნდამენტური ცვლილებების ინიციატივით ამჯერად, ისევ უნგრეთი აქტიურობს. ვიქტორ ორბანი ევროპულ საზოგადოებას სთავაზობს, რადიკალურად გადახედონ მიდგომებს და პრიორიტეტი საკუთარ ხალხსა და სუვერენიტეტს მიანიჭონ. უნგრეთის პრემიერი ღიად ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სადავეები მოქმედი ბიუროკრატების ხელში დარჩება, ევროკავშირი შიგნიდან დასუსტებას განაგრძობს. პროცესი კი საბოლოო ჯამში ეპოქალურ დასასრულამდე მივა.

ბრიუსელის ღირებულებით კრიზისზე დიდი ხანია საუბრობს საქართველოც - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ შანტაჟი, ზეწოლა და ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ევრობიუროკრატები მიჰყვებიან, სცდება იმ ფასეულობებს, რის გამოც თავის დროზე გაერთიანება შეიქმნა. მათი თქმით, ევროკავშირის უსამართლო პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგი აშშ-დანაც კარგად ჩანს.

ევროკავშირის რეგრესზე საუბრობენ ყოფილ წევრ სახელმწიფოებშიც. ასეთია მაგალითად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოქმედის ანტიეროვნულ ნაბიჯებზე მიუთითებს - ევროკავშირის ინტერესების სასარგებლოდ. ლიზ ტრასი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი დღეს ევროგაერთიანებასთან ერთად ანგრევს ეკონომიკას და იდენტობას. ლიბერალური ელიტის მმართველობაში გამოყოფს გამონაკლისებიც, მათ შორის სწორედ ვიქტორ ორბანს.

ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს რიტორიკას უწუნებს ქართული ოპოზიცია, რომელიც ვერც ბრიუსელში არსებულ კრიზისს და პრობლემებს ხედავს და შესაბამისად, ვერც ევროკავშირის რადიკალური რეორგანიზაციის საჭიროებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თავად ევროკავშირისთვის არის პრობლემა კონკრეტული ევროპელი ლიდერების პოლიტიკა, მაგალითად ისეთის, როგორიც ვიქტორ ორბანია.

ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ევროკავშირის დაშლა გარდაუვალი იქნება - აცხადებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნება" ოპონენტებს მიუთითებს აშშ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ევროკავშირის ორგანოების საქმიანობა ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს და რომ არსებული ტენდენციები საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპის კონტინენტს.

ევროკავშირში არსებულ კრიზისსა და რეორგანიზაციის აუცილებლობაზე ღიად საუბარს არ ერიდება არც ჩეხეთის ახალი პრემიერ მინისტრი, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროპა ბრიუსელი არ არის და ქვეყნებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, საკუთარი პოლიტიკა თავადვე მართონ.

დღის ამბები