07 აგვისტო 2026,   03:04
ვრცლად
"ხელის დარტყმა არა, უბრალოდ ყვირილი და ჩხუბი [იყო]" - რას ყვება დისშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული ენმ-ს წევრ დავით დიღმელაშვილის და ფაქტთან დაკავშირებით

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დიღმელაშვილი. "კურიერის" ინფორმაციით, მას საკუთარ დისშვილზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

დავით დიღმელაშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" საგარეჯოს საკრებულოს წევრი იყო. ის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აიყვანეს. გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დავით დიღმელაშვილის და, ნანა დიღმელაშვილი უარყოფს, რომ მისმა ძმამ დისშვილზე იძალადა. "კურიერისთვის" ცნობილია, რომ დაკავებამდე დავით დიღმელაშვილმა უჯარმის ადმინისტრაციულ შენობას, სავარაუდოდ, ქვა ესროლა, რის შედეგადაც, ფანჯარა ჩაიმსხვრა.

"დისშვილმა დაწერა მეჩხუბა და ძალადობა იყოო. ხელის დარტყმა არა, უბრალოდ ყვირილი და ჩხუბი. დაინახა მანქანები აქ და გავარდა და ეგრევე წავიდა. აიღო და ისროლა ქვა, გამგებელს აგინებდა", - ამბობს ნანა დიღმელაშვილი. 

გამოძიების საფუძველი გახდა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის სოციალური მუშაკის შეტყობინება მოსწავლის მიმართ ბიძის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

"სკოლამ მოგვმართა წერილობით და გვთხოვა ჩართულობა ბრძანების შესაბამისად, რომელიც არეგულირებს მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სოციალური მუშაკის ჩართულობის უზრუნველყოფას გაცდენების გამო.

შესაბამისმა სოციალურმა მუშაკმა დაიწყო შემთხვევის შესწავლა. შემთხვევის შესწავლის პროცესში, მას ჰქონდა უშუალო კომუნიკაცია როგორც სკოლასთან, ასევე თვითონ მოსწავლესთან. სამწუხაროდ, გამოიკვეთა ისეთი რისკები, რომელიც მოითხოვდა სხვადასხვა უწყებების ჩართვას. ჩავრთეთ ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ შემთხვევაში, ოჯახური ძალადობის", - ამბობს ნათია მაჭარაშვილი. 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები