"იგლ ჰილსის" საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში, ხელისუფლებამ სიცრუის ელემენტები მაშინ აღმოაჩინა, როცა უცხოური ფინანსებით და არაბიზაციის მუქარით გააქტიურებული "ლელო", მოულოდნელად პოლიტიკური სცენიდან გაქრა, ხაზარაძე-ჯაფარიძის ფუნქციები კი მალევე "ალტ ინფომ" და "პატრიოტთა ალიანსმა" შეითავსეს. მეგა პროექტის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებით ამბობს, რომ დეზინფორმაციის კამპანია ჩავარდნილია, პროექტი განხორციელდება და ქვეყანაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიცია, მალე 100 მილიარდიანი ეკონომიკის მქონე საქართველოს, 11 მილიარდით გაამდიდრებს.
"ლელო" აღიარებს, რომ ამ ეკონომიკური სარგებლის წინააღმდეგ წასვლის მიზანი, საზოგადოებაში მღელვარების შემოტანა იყო. პოლიტიკურ დუმილს, კი მოლოდინით ამართლებს - ამტკიცებენ, რომ არაბულ ინვესტიციაზე, პარტიის პასიურობა, მხოლოდ საინვესტიციო ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული, რომლის გასაჯაროებაც "ძლიერი საქართველოდან" დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს. "ძლიერი საქართველოს" პოზიციების დაცვა მათ საარჩევნო პარტნიორებს დღეს არც უცდიათ. გახარიას გუნდმა არაერთხელ გაიმეორა, რომ "ლელოს" ქმედებების შეფასება არ სურს, ისევე როგორც "ნაციონალურ მოძრაობას".
პროვოკაცია ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ - ასე აფასებს სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებისა და მათი დამფინანსებლების კოორდინირებულ ქმედებებს, უპრეცედენტო ინვესტიციაზე, რომლის შედეგადაც ქვეყანა, ევროპული ტიპის ორ თანამედროვე ქართულ დასახლებას მიიღებს, სახელმწიფოს კი სხვა მსხვილი ინვესტორების მოზიდვის საშუალებას მისცემს. მასშტაბური პროექტის განხორციელება თბილისსა და გონიოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. მშენებლობის პროცესში 24 000, მისი დასრულების შემდეგ კი დამატებით 8 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 6 ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციის, 33 პროცენტიანი წილის მფლობელი, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე საქართველოა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 700 მილიონი ლარით შეივსება.