განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას საქართველოში შემოტანას, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები სამგზავრო ჩანთით ცდილობდნენ. აეროპორტში ჩამოსვლისთანავე სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელბორკილები დაადეს, კილოგრამზე მეტი მარიხუანა და 91 ელექტრო სიგარეტი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ექვს შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და ნარკოტიკის შემცველი სითხე მებაჟეებმა სკანირების აპარატში, ბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო ჩემოდანი სპეციალური ლენტით მონიშნეს და დათვალიერების მიზნით შესაბამის სივრცეში გადაიტანეს.
"კურიერმა" ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ვინაობა გაარკვია - ბორის მოლტოვი და ჰასან აბუ იუნესი დუმილის უფლებით სარგებლობენ. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა ედებათ ბრალად.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ უწყება 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ამას ნარკოდანაშაულის ფაქტების აღკვეთაც ადასტურებს.
დაკავებულებს ბრალი უკვე ოფიციალურად აქვთ წარდგენილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი