06 აგვისტო 2026,   23:57
ვრცლად
2026 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცებულია - რომელ პარამეტრებზეა დაფუძნებული ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი

2026 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცებულია. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც შემდეგ პარამეტრებზეა დაფუძნებული: რეალური ეკონომიკური ზრდა 5%; მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 114 100 000 000 ლარი, რაც, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, 11 300 დოლარს აჭარბებს; ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ს შეადგენს; საგარეო ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ის 33,5%-ის ფარგლებშია.

ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პარამეტრები დეტალურად გააცნო. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 840 მილიონი ლარით და ჯამში - 9 668 000 000 ლარს აჭარბებს. მომდევნო წელს 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის პენსია იზრდება 45 ლარით და 495 ლარი გახდება. ამავე კატეგორიის პენსია მაღალმთიან დასახლებებში 594 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და 370 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება. მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე საბოლოოდ გათვალისწინებულია 6 930 000 000 ლარი. 2026 წელს, 90 მილიონით იზრდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება და 2 700 000 000 ლარს აჭარბებს. დაფინანსებაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა.

90 მილიონით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც და, საბოლოო ვერსიით, 1 890 000 000 ლარი დაიხარჯება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებისთვის 1 574 000 000 ლარია განსაზღვრული. მომდევნო წლის ბიუჯეტში გაწერილია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ყველა საჯარო მოხელის ანაზღაურების 10%-იან ზრდას ითვალისწინებს. მაკროეკონომიკური პარამეტრების განხილვისას, დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოთქვეს.

დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ არის ასახული სოციალური პრიორიტეტები - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მომდევნო წლის ბიუჯეტი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ხარჯები სახელმწიფოს პრიორიტეტების მიხედვით არის გადანაწილებული.

80 9-ის წინააღმდეგ - დეტალური განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ დაამტკიცა.

დღის ამბები