08 აგვისტო 2026,   11:43
ვრცლად
მილიარდი ლარის ენერგეტიკული ამნისტია, რომელსაც თან კონკრეტული დათქმები ახლავს - მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის დავალიანება ჩამოეწერება ყველა იმ კომპანიას, რომელიც განახლებად ენერგიაზე მუშაობს

ენერგოსექტორის სტიმულირებისთვის სახელმწიფო განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიებს დღემდე დაგროვებულ ჯარიმებს, საურავებსა და დავალიანებებს გაუნულებს. საუბარია 1 მილიარდი ლარის დავალიანებაზე, რომელიც სექტორის წარმომადგენლებს კონკრეტული დათქმით ჩამოეწერებათ. მთავრობის მეთაურის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები სამომავლოდ საქმიანობას არაკეთილსინდისიერად განაგრძობენ, ახალ პირგასამტეხლოსთან ერთად, ძველი დავალიანებაც დაეკისრებათ. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ამბიციური მიზნები აქვს, რომლის განხორციელებასაც არსებული ბარიერების მოხსნა სჭირდება.

ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიებზე მომუშავე კომპანიებისთვის ფინანსური დავალიანებების ჩამოწერის პროექტი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება განახლებადი ენერგიის სექტორს მნიშვნელოვნად ასტიმულირებს, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,

მილიარდი ლარის შეღავათი რომ ახალ შესაძლებლობებს გახსნის, ამას კომპანიებიც ადასტურებენ. ბიზნესის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიებს ახალი ინვესტორების მოზიდვაშიც დაეხმარება, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოსისტემის წარმადობას გაზრდის.

ენერგოსისტემაში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანა შავი ზღვის ბოჭკოვანი და ელექტროკაბელის პროექტთან დაკავშირდა, სფეროს გასაჯანსაღებლად, მსგავსი სახის შეღავათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

პრემიერ-მინისტრმა დღეს ენერგოსექტორის გაჯანსაღებისა და განვითარების ამბიციურ მიზნებზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ყოველწლიურად 4600 მეგავატს აწარმოებს, მომდევნო 4 წლის მიზანი კი ამ მონაცემის 8000 მეგავატამდე გაზრდაა, რაც ქვეყნის ენერგეტიკას სრულიად დამოუკიდებელსა და თვითკმარს გახდის.

განახლებადი ენერგიის სექტორში მომუშავე კომპანიებს დავალიანებები, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სრულად ჩამოეწერებათ. საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელიწადში ქვეყნის ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების სრულად აღმოფხვრას გეგმავს.

დღის ამბები