პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი და ევროკომისიაც ამბობს, რომ მომავალ წელს საქართველო, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ისევ პირველ ადგილზე იქნება.
"სავალუტო ფონდმა და ევროკომისიამ დადო 2025 წლის სტატისტიკა. თავად ამბობენ, რომ 2026 წელს უკეთესი ეკონომიკაა [მოსალოდნელი]. თუ იქ ეწერა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 11% იქნება, აქ უკვე 8-ს ამბობენ. მომავალ წელს თქვენ მე-8 ადგილზე იქნებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ხოლო მე-6-ზე - ვალის კუთხით, რადგან ჩვენ გვაქვს 2.5% ბიუჯეტის დეფიციტი, ერთ-ერთი საუკეთესო და ვალი საერთოდ, 33.5-ზე ჩამოვიდა. მთელ ევროპაში მატულობს [ვალი], ჩვენთან კი ჩამოვიდა დაბლა. ეკონომიკური ზრდაზე, სავალუტო ფონდი და ევროკომისიაც ამბობს, რომ მომავალ წელს ისევ პირველ ადგილზე იქნება [საქართველო]", - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
ცნობისთვის, პარლამენტში ბიუჯეტი განიხილეს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. პროექტში რეალური ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტია, მისი ჯამური ოდენობა 36 მილიარდ 300 მილიონია.
მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც. პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა სხვადასხვა სამინისტროსთვის, მათ შორის ძალოვანი უწყებებისთვის.