16 აგვისტო 2026,   18:01
ვრცლად
ამერიკის სახელმწიფო მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ წლების განმავლობაში მოქმედ პრაქტიკას ახალი მიდგომები ჩაანაცვლებს - შტატები NGO-ებზე მილიარდობით დოლარს აღარ დახარჯავს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ არასამთავრო ორგანიზაციები შტატების დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ, სლოვენიელი ევროკომისარი კი აღიარებს, რომ ევროკავშირი NGO-ებისთვის ფულის გადაცემის გზებს ეძებს.

ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებიდან, "ქართული ოცნებისთვის", სახელმწიფოებრივად სწორი მხოლოდ ამერიკელი მაღალჩინოსნის პოზიციაა, რომელიც, ევროპელი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, არც შანტაჟის ენით საუბრობს და არც NGO-ებს იყენებს პოლიტიკური მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ წლების განმავლობაში მოქმედ პრაქტიკას ახალი მიდგომები ჩაანაცვლებს, შტატები NGO-ებზე მილიარდობით დოლარს აღარ დახარჯავს და, თუ ამერიკას ქვეყნების დახმარების სურვილი ექნება, ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან და არა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ამის პარალელურად, რადიკალურად განსხვავებული გზავნილები ისმის ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან. მარტა კოსი, საეჭვო წარსულის მქონე სლოვენიელი პოლიტიკოსი, რომელსაც ადგილობრივი მედია კომუნისტური ქვეყნების აგენტობაში ადანაშაულებდა - აღიარებს, რომ ევროკავშირმა არასამთავრობოების დახმარება გააორმაგა, ახლა კი მთავარი მიზანი თანხის ადრესატებამდე მისვლა და საიდუმლო გზების მოძიებაა ფინანსური ტრანზაქციებისთვის.

ამერიკა-ევროკავშირის განსხვავებულ პოლიტიკურ მიდგომებსა და წინააღმდეგობრივ პოზიციებზე საუბარს თავს არიდებს ოპოზიცია. "ლელო" ირწმუნება, რომ სახელმწიფო მდივნისა და ევროკომისრის განცხადებებს არ იცნობს. გახარიას გუნდში წაიკითხეს, თუმცა NGO-ებისა და სახელმწიფოს დახმარებას შორის დღეს მაინც ტოლობის ნიშანი დასვეს.

დემოკრატიული პრინციპების მხარდამჭერად "ქართული ოცნება" შტატებს მიიჩნევს - ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას, რომელიც სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებს ემიჯნება. განსხვავებით ევროკავშირისგან, სადაც, მმართველი გუნდის თქმით, აღარ მალავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ბრძოლის იარაღია მათ ხელში.

მარკო რუბიოს განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანი კრიტიკული აზროვნებისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის დახმარება მდიდარი NGO-ებისთვის თანხის ჩარიცხვას გულისხმობს.

დღის ამბები