07 აგვისტო 2026,   02:49
ვრცლად
"ამ კანონის გამოყენება დაიცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს" - ალექსანდრე დარახველიძე იარაღის შესახებ კანონპროექტზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთავრობის ახალ ინიციატივებს განიხილავენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს გააცნო ცვლილებები საგზაო მოძრაობის, პოლიციის, სამოქალაქო უსაფრთხოების და იარაღის შესახებ კანონებში.

კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში ორმაგდება კომპენსაცია, იზრდება ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც. იარაღის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი კი არეგულირებს აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვას.

"აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება იმ მიზნისთვის, რაც არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის. ჩვენ სამი სხვადასხვა კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით გვაქვს დაგეგმილი ცვლილებები. ეს შეეხება გაზის აეროზოლურ მოწყობილობას, ელექტროშოკურ მოწყობილობას და აკუსტიკურ საშუალებას. თითოეულ იარაღთან დაკავშირებით წესდება დამატებითი რეგულაციები, იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. წესდება, მათ შორის, ასაკობრივი შეზღუდვა. ასევე, კონკრეტული ნებართვის საკითხები შემოდის იმისთვის, რომ აღნიშნული საშუალება არ მოხდეს ისეთი პირების ხელში, ვისაც აქვთ იმის საშუალება, რომ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული საწინააღმდეგო მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ კანონის გამოყენება დაიცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგს," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები