14 აგვისტო 2026,   20:12
ვრცლად
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია - მმართველ გუნდში დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის რაზეც ოფიციალური თბილისი ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით საუბრობს

ვაშინგტონი და თბილისი ევროკავშირში არსებულ ვითარებას ერთნაირად აღიქვამენ, ეს კიდევ ერთხელ, ამჯერად ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტმა დაადასტურა. მმართველ გუნდში შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 33 გვერდიანი დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის რაზეც ოფიციალური თბილისი ევრო ბიუროკრატებთან დაკავშირებით საუბრობს.

პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, სტრატეგიულ დოკუმენტში სხვა აქცენტებიც არის. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვით, დროა ევროკავშირმა დაივიწყოს მიდგომა თითქოს ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია. ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას, დაუბრუნდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ სტრატეგიული სტაბილურობის პოლიტიკას. უარყოს მიდგომა, რომლითაც ადამიანის უფლებები ილახება. მისცეს პოლიტიკურ ჯგუფებს თავისუფლად არსებობის საშუალება და არ მოახდინოს სიტყვის თავისუფლების პარალელურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხმის ჩახშობა. შეცვალოს ტრაექტორია, რომელიც ევროპის კონტინენტის განადგურებას ემსახურება.

სტრატეგიული დოკუმენტის საპასუხოდ ევროკავშირიდან მხოლოდ სტრატეგიული დუმილი ისმის. ევროპელი პოლიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ დოკუმენტზე კომენტარს არ აკეთებენ. იგივე პოზიცია აქვს ქართული ოპოზიციის ნაწილს, სადაც მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს პრობლემები, თუმცა მათი დაძლევა ევროკავშირისთვის დიდი სირთულე არ არის.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი მსოფლიოში ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგს ქმნის. ბრიუსელი კი ვალდებულია გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ვაშინგტონში სწორედ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის დაიწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გუშინ გამოქვეყნდა. 33 გვერდიანი დოკუმენტი 4 თავისგან შედგება. თითოეული მათგანი გლობალურ პოლიტიკურ ველზე ვაშინგტონის პოზიციების გაძლიერებასა და მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარებას ემსახურება.

დღის ამბები