"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების საქმიანობა ამერიკული "ფარას" ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია მორიგ ანგარიშზე, რომელიც ნელსონ მალინსის მხრიდან სააკაშვილის პარტიისთვის 6 თვის განმავლობაში გაწეულ მომსახურებას ეხება.
"ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით მოქმედმა ჯგუფმა ამ პერიოდში შეხვედრები გამართა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებთან, სენატორებსა და კონგრესმენებთან, მათ შორის, უშუალოდ ჯო უილსონთან.
ლობისტური აქტივობის დანიშნულებაში მითითებულია "მეგობარი აქტი", მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო - ასევე სტატია ქართულ ოცნებაზე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ფარას მონაცემები მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული BBC-ის სიუჟეტი სწორედ კამპანიური ლობიზმის შედეგია, რომელსაც ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურად ახმოვანებენ ფარას ანგარიშში ნახსენები ამერიკული გამოცემები.
მედიასაშუალებებს შორის ნახსენებია სწორედ Washington Examiner და The Hill, ასევე Reuters, Newsmax. ამერიკულ გამოცემებთან ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებით შეხვედრები ნელსონ მალინსმა დააორგანიზა.
ჯო უილსონთან დაკავშირებულ ლობისტურ კომპანიასთან სააკაშვილის პარტიამ მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივლისში გააფორმა. ბოლო 6 თვეში კი მას შესრულებული სამუშაოსთვის 622 500 დოლარი გადაუხადა. ფინანსური ანაზღაურება კომპანიამ კონკრეტული ლობისტური საქმიანობისთვის მიიღო, რასაც ფარას ანგარიშშიც ვკითხულობთ.
რაში სჭირდება "ნაციონალურ მოძრაობას" ლობისტური კომპანიისგან ადვოკატირება მედიასაშუალებებთან? - პარტიაში აცხადებენ, რომ დაქირავებული ლობისტების დახმარებით ისინი ჟურნალისტებს საქართველოში არსებულ პრობლემებს აცნობენ..
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტებისთვის საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანება სწორედაც რომ ჩვეულებრივი ამბავია. უმრავლესობის თქმით, ამის ნათელი მაგალითია "ბიბისის" მხრიდან, მტკიცებულებების გარეშე ხელისუფლების დადანაშაულება ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რასაც მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც.
რა კავშირია "ნაციონალური მოძრაობის" დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს შორის, - ამ საკითხზე დღეს პრემიერმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი "ფარას" დოკუმენტებს ყოველ 6 თვეში აქვეყნებს. "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით მოქმედი ლობისტური ჯგუფის საქმიანობის შესახებ ბოლო ანგარიშში ფიქსირდება კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც.