შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყებას ბრომბენზილციანიდი იგივე "კამიტი", შეიარაღებაში არასდროს ჰქონია. ალექსანდრე დარახველიძე BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ბრიტანულმა მაუწყებელმა, საქართველოს ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენების მძიმე ბრალდება არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე წაუყენა. დარახველიძის თქმით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტზე შტურმისა
და ძალადობრივი აქციის მოგერიება მხოლოდ კანონით დაშვებული საპოლიციო საშუალებებით მოხდა. ამის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს კი შსს სუს-ის გამოძიებას მიაწვდის.
სუს-ის გამოძიების ფარგლებში გამოკითხული სიუჟეტის გმირების ჩვენებები ადასტურებს, რომ ფილმი მხოლოდ ყალბ ჰიპოთეზას ეყრდნობა - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. სახელისუფლებო პარტიაში ამ ამბის პოლიტიკურ მდგენელზე საუბრობენ, რომელიც ე.წ. დიფ სთეითის მხრიდან მოდის და ქვეყანაში მუდმივი ტურბულენტობის ხელოვნურად შექმნას ისახავს მიზნად.
იმის მიუხედავად, რომ BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმის ყველა ქართველი რესპონდენტი გამოძიებასთან მომწამვლელ ქიმიურ იარაღზე საუბარს ან უარყოფს, ან ვერაფრით ადასტურებს, ოპოზიციას ფილმში გახმოვანებული მოსაზრების უაპელაციოდ სჯერა. ხელისუფლების ოპონენტები გამოძიებას არ ენდობიან, თუმცა გახარიას გუნდი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მაინც ითხოვს.
საგამოძიებო კომისიაზე საუბარს მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში, ოპონენტებისა და მათი ლობისტების მხრიდან ქვეყნის საგარეო იმიჯის დაზიანების ჩავარდნილ მცდელობაზე აკეთებენ აქცენტს. ამბობენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების უმძიმეს ბრალდებას შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაქცია მოჰყვება.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე და 333-ე მუხლებით დაიწყო. პარალელურად, ხელისუფლება დავას, ბრიტანულ კომუნიკაციების კომისიასა და საერთაშორისო სასამართლოებში გეგმავს.