14 აგვისტო 2026,   19:38
ვრცლად
"ღრმად ვართ შეშფოთებული მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ" - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა. მანამდე დარბაზში რამდენიმე გამომსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა. 32-ე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ღრმად ვართ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას და მათდამი საზოგადოების ნდობას.

მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას.

საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის საპასუხოდ. საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა, იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთო-ს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

დღის ამბები