BBC-ის მასალაზე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქალაქო სასამართლოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ პირები, რომლებიც BBC-ის ფილმში მონაწილეობენ.
ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე - გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ "კამიტი" და არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება? მედიის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე მათ პასუხები არ აქვთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები.
ექიმი, კვლევის ავტორი გიორგი ღუნაშვილი აცხადებს, რომ საკვლევი ობიექტი ფართო საზოგადოებისთვის იდენტიფიცირებული ვერ იქნება.
"საკვლევი ობიექტი ფართო საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, იდენტიფიცირებული ვერ იქნება. რაც შეეხება დასკვნებს, არცერთ მოქმედ ნივთიერებაზე არ გვქონდა აქცენტი გაკეთებული, უბრალოდ, ვარაუდი გვქონდა გამოთქმული, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო CS gas-ი.
ქიმიური იარაღი ჩვენ არ გვაქვს ნახსენები... მე ვერც დავეთანხმები გავრცელებულ ინფორმაციას და ვერ უარვყოფ [BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას]... აქ ცოტა სპეციფიკური ცოდნა გვჭირდება," - აცხადებს ღუნაშვილი.