სასამართლო სისტემაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაა პარლამენტის თავმჯდომარისთვის თინა ბოკუჩავას განცხადება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ოპოზიციური ძალა მუდმივად წარსულ პრაქტიკას მიმართავს და მათ წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით მოსამართლეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში თინა ბოკუჩავა მისივე განცხადების გამო დაადანაშაულეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა "ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვისთვის წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღონ. თავმჯდომარის პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობაში" სრულად იზიარებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელით, "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია "ცვლილებისთვის" და პარტია "ლელოს" აკრძალვაა მოთხოვნილი. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდშიც მიაჩნიათ, რომ მოსამართლეებმა საქმე არსებითად არ უნდა განიხილონ.
"ქართული ოცნების" მიერ მომზადებული სარჩელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდა.
სახელისუფლებო გუნდი იმ ოპოზიციური პარტიების საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს, რომლებსაც, მათივე განცხადებით, კონსტიტუციაა აქვთ დარღვეული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩაიდინეს და საქართველოს ინტერესები დააზიანეს.
ასაკრძალ პარტიებს შორის კი, პირველს, "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებენ. აცხადებენ, რომ ეს პარტია მმართველობის დროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფდა, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, მოქმედი ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლის არაერთი მცდელობა ჰქონდათ.
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა პრეზიდენტმაც. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ვალდებულებაა დამნაშავე ძალების წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.
კონკრეტული სამი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს "ქართული ოცნების" სარჩელი ოქტომბერში ჩაბარდა. პირველ ეტაპზე მოსამართლეებმა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უნდა იმსჯელონ.