18 ივნისი 2026,   23:11
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების ჩანიშვნა და ტერიტორიების გაცვლა - კიევის დელეგაციამ ომის დასრულების ახალი გეგმის პირობები ფლორიდაში მარკო რუბიოსგან მოისმინა

საპრეზიდენტო არჩევნების ჩანიშვნა და ტერიტორიების გაცვლა - კიევის დელეგაციამ ომის დასრულების ახალი გეგმის პირობები, ფლორიდაში, შტატების სახელმწიფო მდივნისგან მოისმინა. მარკო რუბიო განმარტავს, რომ ვაშინგტონის მიზანი კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე ომის დასრულებაა, რისთვისაც თეთრი სახლის შუამავლობით მხარეებს შორის მოლაპარაკებების რთული პროცესი მიმდინარეობს.

ფლორიდაში, ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმა. "ეარ ფორს ვანის" ბორტზე ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა, რომ უკრაინას მძიმე პრობლემები აქვს და კორუფციული სკანდალი, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი გარემოცვაა გახვეული, ქვეყანას მშვიდობის დამყარებაში ხელს უშლის.

უკრაინის დელეგაციის კიევში დაბრუნებას და ხუთსაათიანი შეხვედრის შესახებ ანგარიშს, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარისგან რუსტემ უმეროვისგან მოისმენს. ზელენსკის განცხადებით, ფლორიდაში მოლაპარაკებების მთავარი საკითხი გასულ კვირას ჟენევაში მიღწეული შეთანხმებების განხილვა გახდა.

ვაშინგტონის და კიევის მომლაპარაკებელი დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. "აქსიოსის" ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, სტიფ უიტკოფმა უნდა განიხილოს, თუ სად უნდა გაავლონ მხარეებმა დე ფაქტო საზღვრები რუსეთსა და უკრაინას შორის, სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ.

სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, უკრაინაში ომი არ წყდება. რუსეთის ძალები ქვეყნის ქალაქებს და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავენ. დღეს სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა დნიპროში. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავებულია 40-ზე მეტი. ქალაქში სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები