08 ივნისი 2026,   15:38
ვრცლად
18 კილოგრამზე მეტი "მეთადონი" და დაკავებული უკრაინის მოქალაქე - ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

18 კილოგრამზე მეტი "მეთადონი" სამართალდამცველებმა უკრაინის მოქალაქის ავტომობილისა და სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბრალდებული ნარკოტიკის ნაწილს მცხეთაში მდებარე სახლში, ტახტის სათავსოში ინახავდა, ნაწილს კი ავტომობილში. პოლიციამ საბარგულიდან სათამაშო მანქანა ამოიღო, რომელშიც "მეთადონი" იყო დამალული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

"კურიერი" მცხეთაში ჩავიდა, იქ, სადაც ბრალდებული ცხოვრობდა და საიდანაც პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქე საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, მარტო ცხოვრობდა და მეზობლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

37 წლის მამაკაცს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავებიან. საქალაქო სასამართლომ დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა. ადვოკატი პროცესზე 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დაცვა ამბობს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენება სასამართლო პროცესზე პროკურორმა მოითხოვა და მოსამართლემ შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

18 კილოგრამი "მეთადონის" და უკრაინის მოქალაქის დაკავების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორები: სალი კაპანაძე, ირაკლი კოშაძე

დღის ამბები