თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სანდრო წივწივაძის პროცესი გაიმართა. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. საქმის არსებითი განხილვა 25 დეკემბერს დაიწყება, სადაც ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
"სანდრო წივწივაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, იქიდან გამომდინარე, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ წარდგენილი არც ერთი ბრალდება არ არის სწორი და ამას დაამტკიცებს კიდეც დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას“, - აცხადებს ადვოკატი მარიამ გოგორელიანი.
პროკურატურამ წივწივაძე მაისში დააკავა. მას იარაღის გასაღებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ წივწივაძეზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს, შემდეგ კი ეს იარაღი მან მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.