კობი-ქვეშეთის დამაკავშირებელ გზაზე მიწის მასა, გუშინ გვიან ღამით იმ დროს ჩამოწვა, როდესაც სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები ადგილზე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდნენ. თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები ფერდიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ მოიყოლა. ოთხი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადმოიყვანა.
კობი-ქვეშეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილას დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა და მომხდარი ტრაგედიის დეტალებს ადგილზე პირადად გაეცნო. მინისტრი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა ის პირი, ვინც ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობისას გულგრილობა და დაუდევრობა გამოავლინა.
კობი-ქვეშეთის გზაზე, სოფელ წკერეში, უნიკალური პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც მიწის მასა ჩამოწვა, გვირაბისა და გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს "ჩინეთის რკინიგზის გვირაბების კომპანია" ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორ კომპანიებს უსაფრთხოების ნორმებისა და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 37 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ წკერეში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავდა. პაციენტს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა ქვეშეთი-კობის გზაზე მომხდარი შემთხვევის მიზეზი? ამ კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. სოფელ წკერეში შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს 24-საათიან რეჟიმში ატარებენ.