ამერიკის პრეზიდენტი ფართომასშტაბიანი ომის დასრულებისთვის მის ძალისხმევას ოფიციალური კიევის მხრიდან უმადურობას უწოდებს, ევროპას კი რუსეთთან ვაჭრობის გამო აკრიტიკებს. სოციალურ პლატფორმაზე ტრამპმა დაწერა, რომ "აშშ-სა და უკრაინაში სწორი ლიდერების არსებობის შემთხვევაში, ეს ომი არასოდეს მოხდებოდა. ამ ფონზე კი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთისგან შეძენილი ნავთობის გამო" საყვედურობს.
დონალდ ტრამპის განცხადება სახელისუფლებო პარტიისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ევროპა ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართ ევროპის ქვეყნების კრიტიკასა და უსაფუძვლო ბრალდებებს კონკრეტული მიზეზი აქვს.
ტრამპის განცხადების შეფასებას ოპოზიცია თავს არიდებს. ვერცერთი პარტია დღეს ღიად ვერ საუბრობდა, მორალურია თუ არა მათთვის, უკრაინაში ომის პარალელურად, ევროპა რუსეთთან ვაჭრობდეს და მეტ თანხას ხარჯავდეს, ვიდრე უკრაინის დახმარებისთვის.
ოპოზიციასა და მათ უცხოელ პარტნიორებს სახელისუფლებო პარტია წარსულს ახსენებს. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის გამო აკრიტიკებდნენ, იმავეს ევროკავშირთან მიმართებაში ვერ აკეთებენ.
ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროს მოიცავს. საერთაშორისო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსული ენერგიისთვის ევროპამ მილიარდობით ევრო გადაიხადა, რაც მოსკოვისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.