საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ქვეყანა პოსტს 6 თვით გადმოიბარებს. ოფიციალური ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქში დღეს ჩატარდება.
საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფია ვურთეფსმა განაცხადა, რომ როდესაც ამდენი ომია მსოფლიოში, საჭიროა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის მსგავსი ორგანიზაცია, საჭიროა საპარლამენტო გუნდი, რომელიც ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის იმუშავებს.
"ჩემი საქმიანობის პერიოდში, საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ. ბოლოს თქვენს ქვეყანას ერთი თვის წინ ვეწვიე და ვნახე ძალიან დიდი პროგრესი, რითაც აღფრთოვანებული ვარ. ყველას ძალიან გვიხარია, რომ თავმჯდომარის პოსტს წელს სწორედ საქართველო დაიკავებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ სახელმწიფოების მშვიდობისა და განვითარების საკითხებზე. PABSEC-ის მსგავსი ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში, სადაც არაერთი ომია, რაც მძიმე მდგომარეობას ქმნის. ჩვენ მშვიდობის დამყარების პროცესში აქტიურად უნდა ჩავერთოთ და ამ საკითხებზე ვიმუშაოთ", - განაცხადა საბერძნეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფია ვურთეფსმა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 66-ე სხდომაში საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. სხდომაზე დელეგატებს სიტყვით მიმართავს შალვა პაპუაშვილი. აქცენტი გაკეთდება საქართველოს როლზე, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე, დაკავშირებადობაზე და კონკრეტულ პროექტებზე. დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრებიც.