ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა ჟენევაში დასრულებულია. მხარეებმა ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა განიხილეს. შედეგად შემუშავდა ახალი ჩარჩო დოკუმენტი.
ვაშინგტონისა და კიევის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციების მიერ მომზადებული გეგმის ვერსია - "განახლებული და დახვეწილია." ასევე, ირკვევა, რომ უახლოეს დღეებში მასზე ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება; საბოლოო გადაწყვეტილებას კი უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტები მიიღებენ.
ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ, ჟენევაში, მედიასთან კომენტარი შტატების სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. მარკო რუბიო არ ასახელებს კონკრეტულ საკითხებს 28 პუნქტიდან, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა ამბობს, რომ პროგრესი მიღწეულია.
"ჩვენი მიზანი იყო 28 ან 26 პუნქტის მიღება, რაც დამოკიდებულია საბოლოო ვერსიაზე, რადგან მეორე მხარე ცდილობდა, შეემცირებინა ის პუნქტები, რომლებიც ღია საკითხებად რჩებოდა. გარკვეულ პროგრესს დღეს არსებითად მივაღწიეთ, ახლა, ცხადია, როგორც ნებისმიერი საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, მათზე პრეზიდენტები უნდა შეთანხმდნენ.
დოკუმენტი განვითარდა, ეს არის ცოცხალი, სუნთქვითი დოკუმენტი. ყოველდღიურად, შეტანილი წვლილით, ის იცვლება. იყო რამდენიმე საკითხი, რომლებიც ეხებოდა სამართლიანობას, ევროკავშირის ან ნატო-ს როლს და ა.შ. ეს საკითხები ჩვენ ერთგვარად გამოვყავით, რადგან ახლახან შევხვდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს და ეს ის საკითხებია, რომლებიც მათთან უნდა განვიხილოთ, რადგან ეს მათ ეხებათ. ასე რომ, ძირითადად ყურადღება ორმხრივი ხასიათის მქონე საკითხებზე გავამახვილეთ. არცერთი საკითხი არ არის გადაულახავი", - განაცხადა მარკო რუბიომ.