"სარკის წმინდა გიორგის" სახელობის მონასტერი - ძამას ხეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, დიდი რაოდენობით ხალხი აქ რელიგიურ დღესასწაულებზე, განსაკუთრებით კი გიორგობაზე იკრიბება. დანარჩენ დღეებში აქ საოცარი სიმშვიდეა.
სარკის მონასტერს ზოგჯერ სარყისას უწოდებენ, რაც სიტყვა "სარყვიდან" მოდის.
როგორც ყველა ძველ მონასტერს, სარკის წმინდა გიორგისაც აქვს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ლეგენდაც, რომელიც მის დაარსებას უკავშირდება.
მონასტრის დაარსების თარიღი ზუსტად არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ აქ პირველი ეკლესია მეცხრე საუკუნეში აშენდა. შემდეგ ტაძარი უკვე ზაზა ფანასკერტელის პერიოდში განახლდა. მოქმედ მონასტრად კი 1997 წელს, სარკის წმინდა გიორგი, მეუფე იობმა აკურთხა.
აქაურობის მთავარი სიწმინდე წმინდა გიორგის ხატია და მონასტრის სტუმრების დიდი ნაწილი სწორედ ამ ხატთან სალოცავად ამოდის.
მამა ეგნატე უკვე 11 წელია აქ მსახურობს. წელს მონასტრიდან ოდნავ მოშორებით, სატრაპეზოს გვერდით პატარა მარანიც ააშენა.
ავტორი: გიორგი ქორქია