07 აგვისტო 2026,   23:59
ვრცლად
Eagle Hills-ის მრავალმილიარდიანი ინვესტიცია - სახელისუფლებო გუნდი მამუკა ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ პარტიას მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს

სახელისუფლებო გუნდი მამუკა ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ პარტიას, მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. საუბარია Eagle Hills-ის მრავალმილიარდიანი ინვესტიციის წინააღმდეგ დაწყებულ საინფორმაციო პროცესზე, რომელსაც "ლელო" არაბებზე გაყიდულ მიწად წარმოაჩენს. მმართველ პარტიაში, დღეს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნეს წარსული გაიხსენეს, თქვეს, რომ მათ ანაკლიის კონსორციუმის სახელით სახელმწიფოსთან იდენტური ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, თუმცა პროექტი ჩააგდეს.

რატომ ნიშნავს 6.6 მილიარდიანი დეველოპერული პროექტი ქართული მიწის გასხვისებას - ამ კითხვაზე საპასუხოდ, "ლელოში" არგუმენტების ნაცვლად კვალავ Eagle Hills-ს და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონტრაქტისთვის კომერციული საიდუმლოების მოხსნას ითხოვენ.

"ლელოს" მსგავსად, მშენებლობას, რომელმაც 24 000 ადამიანი უნდა დაასაქმოს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "ნაციონალურ მოძრაობაშიც". თუმცა არგუმენტი განსხვავებულია - "ნაცმოძრაობა" თანამედროვე ევროპული ტიპის ურბანული სივრცეების მოწყობას, სავარაუდოდ, იმ ლოკაციაზე, სადაც 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანთან კრწანისის ბრძოლა გაიმართა, დაუშვებლად მიიჩნევს.

ოპონენტების არგუმენტებს არარელევანტურს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროექტი, რომელშიც სახელმწიფოს მოგების 33 პროცენტიანი წილი ექნება, ბიუჯეტს ყოველწლიურად 700 მილიონს მოუტანს, გააჩენს ჯამში 30 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს და ქვეყნის ეკონომიკისთვის სტიმულირების შესამჩნევი ეფექტი ექნება.

არაბულ Eagle Hills-სთან მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ხელშეკრულება 2025 წელს გაფორმდა. კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს, თბილისსა და გონიოში მშენებლობა რამდენიმე თვეში 2.4 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაიწყება.

დღის ამბები