20 აგვისტო 2026,   18:31
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია - როგორ ამხილა "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილში და რა რეაგირებას ითხოვს ხელისუფლება ეუთოსგან

ეუთოს რეზოლუციის სახელით თინა ბოკუჩავამ EPP-ის შიდა დოკუმენტი გამოაცხადა, რაც "ქართული ოცნების" შეფასებით, არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ დიპლომატიური სკანდალია. მაია ბითაძე, რომელიც სტამბოლში, საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას ესწრება, განმარტავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორს, ევროპის სახალხო პარტიას, ეუთოს ფორმატში არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობა" კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და ხელისუფლების წინააღმდეგ ისევ დერეფნებში მუშაობს.

ინფორმაცია, თითქოს ასამბლეაში საგანგებო რეზოლუცია მიიღეს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სტამბოლიდან გაავრცელა. თინა ბოკუჩავას მტკიცებით, კრიტიკული დოკუმენტი, რომელიც ეუთოში დამტკიცდა, ევროპის სახალხო პარტიამ და მისმა თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს.

უხარისხო დეზინფორმაცია - თინა ბოკუჩავას ადგილიდანვე უპასუხეს "ქართული ოცნების" დელეგაციის წევრებმა, რომლებმაც ოპონენტებს მარტივი ჭეშმარიტება შეახსენეს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს საშემოდგომო სესიაზე არ იღებს.

თინა ბოკუჩავასთან ერთად, სტამბოლშია გიგი წერეთელიც, რომელიც არ უარყოფს, რომ დოკუმენტი მხოლოდ EPP-ის შემუშავებულია. უკვირს, ვინ გაავრცელა ინფორმაცია ეუთოში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით მანიპულირება პირველად არ ხდება, ისევე როგორც ქვეყნის დაზიანების მიზნით თანამშრომლობა სააკაშვილის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფთან.

საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის ეუთოს ინსტრუმენტალიზაცია რომ აქამდეც უცდიათ, ეს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საერთაშორისო ტრიბუნიდანაც განაცხადა.

მრავალმხრივი თანამშრომლობის განახლება დიალოგის გზით - საქართველოს დელეგაცია ამ სახელწოდების კონფერენციაში მონაწილეობდა. სტამბოლში, საპარლამენტო ასამბლეის 23-ე საშემოდგომო სესიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება, რომელიც ეუთოს 50-ე წლისთავს ეძღვნება.

დღის ამბები