"ფეიკ" ნიუსის გაკეთებასაც ალბათ რაღაც ცოდნა და გამოცდილება უნდა და ინტელექტიც უნდა დააყოლო," - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.
თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ "ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დამტკიცდა დოკუმენტი, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიამ" და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს.
ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მარტივია, რომ ინტერნეტში მოძებნოს როდის იღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს.
"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს იღებს მხოლოდ ზაფხულის სესიებზე. შესაბამისად, ახლა, ნოემბერში, არანაირი რეზოლუცია არც მიუღია და დღევანდელი დღის ბოლომდე, როდესაც დამთავრდება შემოდგომის სესია, არც არანაირ რეზოლუციას არ მიიღებენ.
"ფეიკ" ნიუსის გაკეთებასაც ალბათ რაღაც ცოდნა და გამოცდილება უნდა და ინტელექტიც უნდა დააყოლო, რადგან ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მარტივია, რომ ინტერნეტში მოძებნოს როდის იღებს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს. მე უბრალოდ ვერ ვხვდები ამის [არასწორი ინფორმაციის გავრცელების] აზრი რა არის და რა მიზანი აქვს ამას, რომ ასეთი მდარე ხარისხის დეზინფორმაცია გაავრცელონ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.