გარე ჩარევებისგან, დეზინფორმაციისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისგან მოქალაქეების დაცვა - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ამ სამი მიზნით შედის. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სიახლე ეხება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის მიცემის პროცედურებს. ინიციატივის მიხედვით, როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოში. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება კონსტიტუციის 24-ე მუხლს ემყარება და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
მსგავსი საარჩევნო კოდექსი მოქმედებს ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და მალტაში, ასევე - ისრაელსა და სომხეთში.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა ახალი მოდელი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ცვლილებები აუცილებელი არჩევნებში უცხოური ჩარევების ზრდის გამო გახდა, რაზეც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც საუბრობენ.
ცვლილებებს, ტრადიციულად, სკეპტიკურად და კრიტიკით ხვდება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ემიგრანტებს ხმის მიცემის შესაძლებლობას უზღუდავს.
რეალურად, მმართველი გუნდის ინფორმაციით, სწორედ ისრაელს აქვს ისეთი საარჩევნო კოდექსი, როგორიც, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, იქნება ქართულიც. მმართველმა გუნდმა ოპონენტებსა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ახალი მოდელით არანაირი უფლება არ იზღუდება და მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა იცვლება.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიესალმება ცესკო. უწყებაში ამბობენ, რომ განხილვებში ჩართვის სურვილიც აქვთ.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები წლის ბოლომდე შევა. პაკეტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაინიცირებულია.