08 ივნისი 2026,   16:46
ვრცლად
ანტისანიტარია და სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტი - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში არარეგისტრირებული ყველის საწარმოები გამოავლინა

კადრები სოფელ ჯუგაანში, იმ საწარმოშია გადაღებული, სადაც ყველს ამზადებდნენ, შემდეგ კი ყიდდნენ. ანტისანიტარია, დაბინძურებული ჭურჭელი და აბაზანა, რაშიც პროდუქტს რეალიზაციამდე ინახავდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, მცირე ზომის საწარმო დალუქეს, შეუსაბამო პირობებში დამზადებული ყველი ამოიღეს და გაანადგურეს. ირკვევა, რომ მფლობელს წარმოების უფლება უკვე შეჩერებული ჰქონდა, თუმცა აკრძალვის მიუხედავად ყველს მაინც ამზადებდა. განმეორებით დარღვევის გამო, ის 5 000 ლარით დაჯარიმდა.

კუსტარული საწარმოს შესახებ ჯუგაანში კარგად იციან, თუმცა არ იცოდნენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დალუქული ობიექტი მუშაობას კვლავ განაგრძობდა.

სიცოცხლისთვის საშიშ ყველს ამზადებდნენ დედოფლისწყაროშიც. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე მძიმე სურათი დახვდათ. მცირე ზომის საწარმო სახლის პატარა მიშენებაში იყო მოწყობილი. ფოტოებში კარგად ჩანს, რა პირობებში მუშავდებოდა რძის პროდუქტი - ანტისანიტარიაში და დაბინძურებულ გარემოში.

მცირე საწარმო დალუქულია, მეწარმე კი დაჯარიმებული. ობიექტის მფლობელს კამერასთან გამოჩენა არ სურდა, თუმცა დაადასტურა, რომ რძის პროდუქტს არასათანადო პირობებში ამზადებდა.

არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ, შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობა დააზიანოს - მეყველეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ რძეს განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მუდმივი კონტროლი კი რისკებს ამცირებს.

არარეგისტრირებული წარმოებების შესწავლა და გამოვლენა მუდმივი პროცესია. სურსათის ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ მონიტორინგის მიზანი მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 არარეგისტრირებული საწარმო გამოვლინდა.

დღის ამბები