"კონსპირაციული შეხვედრა აგენტურად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან, ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საუკეთესო მაგალითს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი საუბრობს.
ის ეხმაურება საფრანგეთის ელჩსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრას.
"აგენტურად გადაქცეულ ადამიანებს რომ დასამალად აქვთ საქმე, ნამდვილად არ მიკვირს. უბრალოდ, უცნაურია, რატომ გადაწყვიტა საფრანგეთის ელჩმა, რომ ასეთ კონსპირაციულ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, დიპლომატები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან იმისთვის, რომ საქართველოსა და იმ კონკრეტულ ქვეყანას შორის იყოს საუკეთესო ურთიერთობა, ალბათ ეს უნდა იყოს ძირითადი სულისკვეთება მათი ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის. ამ შემთხვევაში, კონსპირაციული შეხვედრა აგენტურად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან, ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საუკეთესო მაგალითს. ამიტომ, ალბათ თავად გააკეთებს ამ ყველაფრიდან გამომდინარე დასკვნებს და არ გამიკვირდება, რომ აღნიშნული დიპლომატიც იმ არასწორმა ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში, ვინც ამდენი წლის მანძილზე არაერთ დიპლომატს არასწორი გზებით თუ არასწორ ადგილებში ატარებდნენ," - აცხადებს ნინო წილოსანი.
ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში, საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.