"კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავტომობილით მიიყვანეს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კი ვლადიმერ სტეფანიანი პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებული ბიზნესმენი მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა და წინასასამართლო სხდომის თარიღად 30 დეკემბერი გამოაცხადა.
სასამართლო დარბაზში მყოფ "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. ბრალთან დაკავშირებით, მას ამ ეტაპზე პოზიციის გაჟღერება არ სურს.
სტეფანიანი დუმს, თუმცა ბრალდების მხარე სამართლებრივ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. საქმის პროკურორმა სასამართლოზე ვრცლად ისაუბრა იმ მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვითაც "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელმა დანაშაული ჩაიდინა. პროკურორ დავით კაპანაძის თქმიტ , სტეფანიანი საცხოვრებელ კორპუსებს კანონიერი სანებართვო დოკუმენტის პირობების დარღვევით აშენებდა და ფართებს ყიდდა. მიზანი მეტი შემოსავლის მიღება იყო. არღვევდა დაბა ბაკურიანის განაშენიანების ნორმებსაც.
ის რომ სტეფანიანი სანებართვო დოკუმენტის დარღვევას აღიარებს, მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. ინტერესების დამცველი დღეს კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელს განთავისუფლებას ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. დაცვის მხარე სასამართლოს არწმუნებდა, რომ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ იყო და ის საგამოძიებო მოქმედებებს ხელს არ შეუშლიდა.
მონაწილეობდნენ თუ არა უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში სხვა პირებიც, - ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება მშენებლობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მუშაობასაც სწავლობს.
5 სასტუმრო, კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, - ეს იმ ინფრასტრუქტურის ჩამონათვალია, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ აშენდა. უნებართვოდ დაწყებული საქმიანობით, "კრისტალ ჯგუფში" შემავალმა შპს "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა" 2 მილიონამდე ლარი მიიღო, შემოსავლის ლეგალიზაციისთვის კი, ვალდიმერ სტეფანიანმა თანხის ნაწილი შპს "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის" საბანკო ანგარიშებზე, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა. უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა მასთან დაკავშირებული პირების სახელზე.