08 აგვისტო 2026,   11:30
ვრცლად
დაკავება კორუფციის საქმეზე - ფარული საგამოძიებო ვიდეომასალა, რომელიც ბახმაროში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენებისთვის ქრთამის გადაცემის ფაქტს ასახავს

ფარული საგამოძიებო ვიდეომასალა, დაბა ბახმაროში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენებისთვის ქრთამის გადაცემის ფაქტს ასახავს. ბრალდებული, რომელიც ფულს იღებს, მოქალაქეს უკანონო მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ხელშეუხებლობასაც დაჰპირდა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ბახმაროში, იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც კოტეჯების უკანონო მშენებლობა იყო დაგეგმილი.

მიმდინარე საქმეზე კიდევ ერთი პირი სუს-მა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა. გამოძიებით ირკვევა, რომ მოქალაქისგან 7 000 დოლარის აღების შემდეგ, ბრალდებული ააიპ "კურორტ ბახმაროს" დირექტორის მოადგილეს შეხვდა, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების შესახებ უკვე საქმის კურსში იყო.

ფარული ვიდეოკადრები, უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ორი ბრალდებულის შეხვედრასაც ასახავს. დიალოგში ის მიზეზიც ისმის, რის გამოც კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ, უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის აღებაზე უარი თქვა.

დოკუმენტების მიხედვით აიპი "კურორტი ბახმარო" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. იურიდიულ მისამართზე "კურიერის" გადამღებ ჯგუფს კომპანია არ დახვდა, თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ აიპი ფიქტიურად დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებდა, რომელიც ამჟამად დაკეტილია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თანხებით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ მსგავსი დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. უწყება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს გეგმავს, მოუწოდებს - უარი თქვან დანაშაულის ჩადენაზე და კანონს დაემორჩილონ.

დღის ამბები