თბილისის საქალაქო სასამართლოში "მტკვარი ჰესის" საქმეზე, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
პროცესს გიორგი ბაჩიაშვილიც დაესწრო. მას "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ამ პროექტში ზარალი გამოიწვია შემდეგმა ძირითადმა გარემოებებმა. პირველი - საბურღი მანქანის გაჭედვა გვირაბში და მეწყერი, რასაც ვერასდროს ვერ გააკონტროლებდა ბაჩიაშვილი. მეორე, პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია კოვიდ პანდემიამ, რა დროსაც ლოკდაუნი იყო და მუშები ვერ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას", - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი.