დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე შეტევა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მეგაპროექტისა და ქართული ეკონომიკის გაძლიერების წინააღმდეგაა მიმართული. საუკუნის ინვესტიცია, რომლის მოცულობაც 6-ნახევარი მილიარდი ამერიკული დოლარია და რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია "Emaar ჯგუფი", საქართველოსთვის გამოყოფს, თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, იახტ კლუბის, კომერციული ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ ფონზე, ქვეყნის პირველი ეკონომისტისთვის გაუგებარია, რატომ არის ოპოზიციის კონკრეტული ჯგუფისთვის მიუღებელი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ხელს შეუწყობს ყოველწლიურად 350 000-ზე მეტი ვიზიტორისა და 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას, ასევე შექმნის 30 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.
უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე იერიში პირველად მამუკა ხაზარაძემ მიიტანა. იყენებს ყველა პლატფორმასა, თუ სოციალურ ქსელს და ამტკიცებს, რომ მალე გონიო და თბილისი არაბთა ჩასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს.
ხაზარაძე და მისი თანაგუნდელები, პოლიტიკურ პოპულიზმში, მალევე დაადანაშაულეს ოპოზიციური ფლანგიდანაც. "ფედერალისტების" ლიდერმა "ლელოს" შეახსენა, რომ ქსენოფობიური განცხადებებითა და მითებით, პოლიტიკურ რეიტინგს ვერ გაიუმჯობესებს.
აქამდეც ყველასთვის ცნობილი საკონტრაქტო პირობები კი, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდს "ქართულმა ოცნებამ" დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა. მმართველი ძალის თქმით, დოკუმენტში არსად წერია, რომ აშენებული სახლებისა, თუ ბიზნესცენტრების გარკვეული ნაწილი მხოლოდ უცხოელებმა უნდა შეისყიდონ. მზა ინფრასტრუქტურას იყიდის ის, ვისაც ამის სურვილი ექნება. რაც შეეხება სარგებელს - მეგაპროექტს სრულად ინვესტორი აფინანსებს, სახელმწიფოს კი მის წინაშე არანაირი ვალდებულება აღებული არ აქვს. ვალდებულებას იღებს თავად "Emaar ჯგუფი", რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ ტერიტორიებზე, თანამედროვე კომპლექსებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ფინანსებით ააშენებს. ინვესტორისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კი სახელმწიფო პროექტის 33%-იანი წილის მფლობელი გახდა. ანუ, პროექტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 33% პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.
დეტალური ინფორმაციის მიუხედავად, თბილისსა და გონიოში დაგეგმილი მეგაპროექტის განხორციელებას მაინც ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიციისა და მათივე ექსპერტების ნაწილიც. სოციალურ ქსელში არაერთი პოსტიც დაწერეს და ამტკიცებენ, რომ "Emaar ჯგუფი" საქართველოში 6-ნახევარ მილიარდიან ინვესტიციას არასდროს განახორციელებს. მეორე ჯგუფი კი ირწმუნება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერების მიერ ქვეყანაში მილიარდობით დოლარის ინვესტირება ქვეყნის ტერიტორიების უცხოელებზე გაყიდვას ნიშნავს.
ოპოზიციას დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ საქართველო ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და ნებისმიერი პროექტიც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. ამის დასტურად, "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის კიდევ ერთი მიზანმიმართული კამპანია გაიხსენეს, რომელიც ჩინურ ინვესტიციას და "ჰუალინგის" პროექტს უკავშირდებოდა. მმართველი ძალა ამბობს, რომ, ჩინური ინვესტიციის მსგავსად, ახლაც 6-ნახევარ მილიარდიანი პროექტი მეორე იქნება, რომლის გამართულად ფუნქციონირებისათვის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ჩართულობა იქნება საჭირო, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მსხვილი ინვესტორებისთვის მიზიდულობის ცენტად აქცევს.
"Emaar ჯგუფმა", საქართველომდე, მსხვილი საინვესტიციო პროექტები განახორციელა ხორვატიაში, ბაჰრეინში, იორდანიაში, ლატვიაში, მაროკოში, სერბეთსა და ალბანეთში. მხოლოდ ხორვატიისთვის გამოყო 15 მილიარდ დოლარზე მეტი. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი ქვეყნის კურორტები მსოფლიომ გაიცნო. ქვეყანა ტურისტული და საინვესტიციო მიმართულების მიზიდულობის ცენტრად იქცა, რამაც, თავის მხრივ, ხორვატიის რიგითი მოქალაქის შემოსავალიც გაზარდა.